„ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს და ქვეყნისა და საზოგადოებისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე განცხადებით, ქართული ენჯეოების რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებების მიერ 2020 და 2021 წლების არჩევნების გაშუქებას ყველაზე მსხვილი ამერიკული დონორი ორგანიზაცია - „ნედი“ აფინანსებდა და „ყველას ახსოვს აგრესიული ფეიკ-კამპანია არჩევნების ვითომდა გაყალბების შესახებ, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია სწორედ მისი მედიის მეშვეობით აწარმოებდა“.
„ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ დამფუძნებელ მამას და ყოფილ პრეზიდენტს, თომას ჯეფერსონს ეკუთვნის სიტყვები - „მე დავიფიცე ღვთის საკურთხევლის წინაშე, რომ ვიქნებოდი დაუძინებელი მტერი ტირანიის ნებისმიერი ფორმისა ადამიანის გონზე“.
თანამედროვე ე.წ. ლიბერალები თომას ჯეფერსონს უსათუოდ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებდნენ და დაგმობდნენ იმისათვის, რომ საკუთარი ფიცის გასამყარებლად ღვთის საკურთხეველი ახსენა. მეტიც, ისინი ჯეფერსონს მტრადაც კი გაიხდიდნენ, მაგრამ არა იმდენად ღვთის საკურთხევლის ხსენებისთვის, რამდენადაც იმის გამო, რომ ე.წ. ლიბერალების დღევანდელი პოლიტიკური ჰეგემონია უპირატესად სწორედ ადამიანის გონზე ტირანიას ემყარება. განსაკუთრებული ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ გლობალური ტირანიის უპირველესი წყარო, სამწუხაროდ, სწორედ თომას ჯეფერსონის სამშობლოა.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სიცრუე და ზიზღის ენა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. ეს პრობლემა განსაკუთრებული სიმძაფრით არის გამოხატული საქართველოში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი მედიასაშუალებები სიცრუეს და სიძულვილს ყოველდღიურად ტირაჟირებენ, რისი უმთავრესი ამოცანა ადამიანების დემორალიზება, ნიჰილიზმის დათესვა, ტრადიციული ღირებულებებისგან ადამიანების დაცლა, მანიპულირების ბრმა იარაღად საზოგადოების ქცევა და შედეგად, სახელმწიფოში სრული პოლიტიკური ინტერვენციის უზრუნველყოფაა.
თანამედროვე მედიაში მოჭარბებული სიცრუისა და ზიზღის ენის აღკვეთის ნებისმიერ მცდელობას, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, აგრესიულად უპირისპირდებიან ე.წ. ლიბერალები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების საფარქვეშ, სინამდვილეში, სწორედ საკუთარი პოლიტიკური ჰეგემონიის მთავარ იარაღს - სიცრუესა და სიძულვილს იცავენ.
ე.წ.ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების მთავარ ინსტრუმენტად საქართველოში სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი მედიასაშუალებებია ქცეული. „დესამშობლოიზაცია“ ამ მედიასაშუალებების მთავარმა ლიდერმა საკუთარ მიზნად ღიადაც დააფიქსირა. “ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები სრულად ჩაკეტილი არიან ნებისმიერი ალტერნატიული აზრისთვის და ისინი დაუფარავად ებრძვიან ყველაფერ ქართულს, განსაკუთრებით კი - სახელმწიფო ინტიტუტებსა და ეკლესიას, აგრესიულად ცდილობენ, დანერგონ იმგვარი აზროვნება და ფსევდოღირებულებები, რომლებიც ქართული საზოგადოებისთვის ორგანულად არის მიუღებელი.
არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ, რომ მედიაში სიცრუე, ზიზღის ენა და რადიკალიზმი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. თუმცა, როგორც კი ვინმე ამ პრობლემის მოგვარების გზებზე დაიწყებს საუბარს, მაშინვე ე.წ. ლიბერალები გამოდიან აგრესიულად ავანსცენაზე და პრობლემის მოგვარებაზე ფიქრსაც კი გვიკრძალავენ. ანუ ყველა თანხმდება უმძიმეს დიაგნოზზე, მაგრამ გვიკრძალავენ სენის მკურნალობას, მიუხედავად იმისა, რომ ამ სენისგან ქვეყანა და საზოგადოება, უმარტივესი საკანონმდებლო რეგულირების გზით, ძალიან იოლად განკურნებადია.
ყველამ ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიების შენახვაზე საკმაოდ დიდი შავი ფული იხარჯება. სატელევიზიო რეიტინგების მიხედვით, მათ ჯამში საქართველოს მოსახლეობის 10-15 პროცენტი უყურებს. თუმცა, ეს ადამიანები ამ ტელევიზიების არა მომხმარებლები და დამკვეთები, არამედ მეტწილად მსხვერპლები არიან. „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიების მთავარი მომხმარებელი და დამკვეთი საელჩოა, რომელიც თავის მთავარ შანსს სწორედ ქართული პოლიტიკის რადიკალიზაციაში და სიცრუითა და სიძულვილით საზოგადოების ინსტრუმენტალიზაციაში ხედავს.
სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში, საელჩოს ფავორიტი რადიკალური ოპოზიციისა და ენჯეოების მხარდამხარ, ყველაზე აქტიურად არის ჩართული სწორედ მათთან დაკავშირებული მედია. სწორედ ეს მედია აღვივებს აქტიურად სიძულვილსა და რადიკალიზმს, რაც ქართულ პოლიტიკურ სისტემას ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილი წრის გარღვევის შესაძლებლობას არ აძლევს. აშკარაა, რომ ეს რადიკალიზმი, როგორც ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მთავარი ინსტრუმენტი, საელჩოს მიერ არის დაკვეთილი და ნასაზრდოები.
საინტერესოა, რომ ქართული ენჯეოების ყველაზე მსხვილი ამერიკული დონორი ორგანიზაცია - „ნედი“ აფინანსებდა რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებების მიერ 2020 და 2021 წლების არჩევნების გაშუქებას. ყველას ახსოვს აგრესიული ფეიკ-კამპანია არჩევნების ვითომდა გაყალბების შესახებ, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია სწორედ მისი მედიის მეშვეობით აწარმოებდა. როგორც გაირკვა, საელჩომ არა მხოლოდ პარალელური ხმის დათვლის შედეგები (ე.წ. პივიტი) გააყალბა მისი ერთ-ერთი ფავორიტი ენჯეოს მეშვეობით, არამედ არჩევნების ხელოვნური დელეგიტიმაციის მისაღწევად, მედიის შესაბამის ფეიკ-კამპანიასაც აფინანსებდა. საინტერესოა, რომ არჩევნების გაყალბებულად წარმოსაჩენად, „ნედი“ არა მხოლოდ შესაბამის პროგრამებს აფინანსებდა, არამედ რადიკალური ოპოზიციის ტელევიზიების ჟურნალისტებს უშუალოდ ხელფასებსაც კი უხდიდა.
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ სიცრუესა და სიძულვილზე აგებული მედიაგაშუქების სახით, ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას ჭირს უმძიმესი სენი, თუმცა, ამ სენისგან განკურნებას კატეგორიულად გვიკრძალავენ. „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს და ქვეყნისა და საზოგადოებისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას. ვფიქრობთ, ესეც ის საკითხია, რაზეც საზოგადოებას სიმართლე უნდა ვუთხრათ და მისგან მოვისმინოთ შეფასება, არის თუ არა სიცრუე და ზიზღის ენა გამოხატვის ის ფორმა, რომელიც აბსოლუტური ფორმით დაცვას იმსახურებს.
ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი „ხალხის ძალას“ შეუძლია დაიცვას ქვეყანა იმ მანკიერებისგან, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებულ რისკებს შეიცავს,“ - ნათქვამია განცხადებაში.